ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა ტარიფებთან დაკავშირებით საუბრისას დონალდ ტრამპს უცენზურო სიტყვებით მიმართა
კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უცენზურო სიტყვებით მიმართა.
ონტარიოს პრემიერი ჟურნალისტებთან ტარიფებთან დაკავშირებით საუბრობდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოუწოდა თუ არა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, რომ შეერბილებინა ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადებები, მას შემდეგ, რაც ფორდმა თქვა, რომ ტრამპს შეეძლო მისთვის „საჯდომზე ეკოცნა“, ონტარიოს პრემიერმა უარყოფითად უპასუხა.
„არა. მას ეს არ გაუკეთებია. კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ის ამის წინააღმდეგი არ ყოფილა. მე საკმაოდ დიდი „უძრავი ქონება“ მაქვს საჯდომზე, ასე რომ, მას ბევრი ადგილი აქვს, სადაც შეუძლია, მაკოცოს“, – აღნიშნა ფორდმა.
ფორდმა განაცხადა, რომ ტრამპთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შესვლას არ აპირებს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას არ შეეგუება.
„მე შემიძლია, ტრამპთან ვიკამათო, თუმცა ამას არ ვაპირებ. უბრალოდ არ ვაპირებ მის პროვოკაციას ავყვე. ეს კაცი დამარცხებულია. ის დამარცხებული იქნება. სულ ეს არის. ჩვენ ყველაფრით ვიბრძოლებთ, რაც გაგვაჩნია. და იცით რა? ჩემს ნეკა თითში უფრო მეტი გამბედაობა და ტვინია, ვიდრე მის მთელ სხეულში“, – განაცხადა ფორდმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სურდა თუ არა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებზე პასუხის გაცემა, ფორდმა უარყოფითად უპასუხა.
„არა, მე არ ვპასუხობ ისეთ დიქტატორს, როგორიც პრეზიდენტი ტრამპია. ისეთ მოძალადეს, როგორიც პრეზიდენტი ტრამპია. როგორც ადრე ვთქვი, ის იმ ტიპის ადამიანია, რომელიც სკოლაში ერთ დღეს ჯიბის ფულს წაგართმევს, მეორე დღეს ქუდს მოგხსნის თავიდან, შემდეგ კი სპორტულ ფეხსაცმელს მოგპარავს. მე არ ვაპირებ, რჩევა მივიღო კაცისგან, რომელიც გაკოტრების მეფეა. ის რეალურად საკუთარ ხალხს ბეგრავს, საკუთარ ხალხს უწესებს ტარიფებს“, – განაცხადა ფორდმა.
ფორდმა აღნიშნა, რომ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი პოზიციის ამერიკელ საზოგადოებამდე მიტანას შეეცდება.
„მე აუცილებლად გავაგრძელებ კომუნიკაციას აშშ-ის მედიასთან. დავუკავშირდები თითოეულ გუბერნატორს, თითოეულ სენატორს და კონგრესის თითოეულ წევრს. როდესაც შუალედური არჩევნები მოვა, ამერიკელებისთვის მაქვს გზავნილი: არ მისცეთ ხმა ადამიანს, რომელიც თქვენს სამუშაო ადგილებს გაანადგურებს. ის მეტი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში. ბოლოს რაც შევამოწმე, სამუშაო ადგილები შეერთებულ შტატებსა და ონტარიოში შემცირდა“, – აღნიშნა ფორდმა.