ონლაინ-აღმასკომის გადაწყვეტილებები - ჩემპიონატი ოთხ წრედ გაიმართება, თასისთვის ბრძოლა 22 მარტიდან დაიწყება
ონლაინ-აღმასკომის გადაწყვეტილებები - ჩემპიონატი ოთხ წრედ გაიმართება, თასისთვის ბრძოლა 22 მარტიდან დაიწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელიც ეპიდვითარების გათვალისწინებით, ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა 2021 წლის სეზონისთვის ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის ფორმატის შესახებ იმსჯელა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2, გასული სეზონების მსგავსად, ოთხ წრედ გაიმართება და თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. გადაწყდა, რომ ეროვნული ლიგა 27 თებერვალს დაიწყება, ხოლო ეროვნული ლიგა 2 – 1 მარტს.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისთვის ხუთივე ლიგის წარმომადგენლები, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად იბრძოლებენ. 2021 წლის საფეხბურთო სეზონში თასის გათამაშება 22 მარტს პირველი ეტაპის მატჩებით დაიწყება.

აღმასკომის სხდომაზე რეგიონული ფედერაციების საქმიანობის შესახებაც იმსჯელეს. კომიტეტის წევრებმა 2020 წელს 13 რეგიონული ფედერაციის მუშაობა შეაფასეს და ამის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება – თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელსაც რეგიონული ფედერაციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან გასულ სეზონებში იღებდნენ.