ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში დასატვირთად პირველი გემი შევიდა
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში დასატვირთად პირველი გემი შევიდა

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში პირველი სატვირთო გემი შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, სატვირთო გემი FULMAR S, რომელიც ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს, ჩერნომორსკის პორტში შევა.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დღეს პირველად შემოვიდა გემი დასატვირთად – ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი FULMAR S. უკვე შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ჩვენი პარტნიორების, გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევით, მარცვლეულის დერეფანი ამუშავდა უკრაინის პორტებში შესვლისა და გასვლისთვის“, – წერს კუბრაკოვი.

უკრაინელი მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია გლობალური ბაზრისთვის, რომ მარცვლეულის ინიციატივა არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მომგებიანი ბიზნეს შესაძლებლობა გემთმფლობელებისთვის უკრაინის პორტებში დასაბრუნებლად.

როგორც მედია წერს, სატვირთო გემმა 10 დღეზე მეტი ხნის წინ დატოვა თურქეთის პორტი BANDIRMA. 2 აგვისტომდე გემი იდგა თურქეთის პორტ PENDIK-ში, შემდეგ კი, 5 აგვისტომდე ბოსფორის სრუტეში, საიდანაც გუშინ ჩერნომორსკის პორტის მიმართულებით დაიძრა.