„ომეგა ჯგუფში“ შემავალი BMW-ს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი BMW-ს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, BMW-ს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ხაჩიშვილმა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მისი განმარტებით, საკუთარ ჩვენებაში TBC ბანკის ეპიზოდზე ისაუბრა. სწორედ ალექსანდრე ხაჩიშვილმა განახორციელა 1 700 000 დოლარის ოდენობის ტრანზაქცია ბანკიდან.

როგორც ხაჩიშვილმა აღნიშნა, ბანკთან ლევან ყიფიანი და შეიარაღებული პირები დახვდნენ, რომლებსაც ეს თანხა გადასცა.

„რაც ვიცოდი TBC-ზე  ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე. ძირითადად, ამაზე იყო საუბარი და შემდეგ იყო საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც გვიან ჩამოვიდა, ამ დოკუმენტის გარეშე, რომ გაიცა ფული. ეს არის ინკუბენსის დოკუმენტი, იმ ფირმის იდენტიფიცირება, რაზეც თანხა ჩაირიცხა. ეს დოკუმენტი საჭიროა თანხის გასატანად“, – განაცხადა ხაჩიშვილმა.

„ბე-ემ-ვეს ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა მან გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. ხაჩიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ „თი-ბი-სი ბანკიდან თანხის გატანისას ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბანკში თანხის გატანას სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.