საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.
დღის წესრიგში იყო მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობისა და მონაწილეობის საკითხები – ევროპული თამაშები გაიმართება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 21-30 ივნისს. აღინიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებს, ნაკრებ გუნდებს, სპორტსმენებსა და მწვერთნელებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი იმისათვის, რომ ნაყოფიერად მომზადებულიყვნენ სპორტული წლის მთავარი მულტისპორტული შეჯიბრებისთვის.
სეოკ-ის აღმასკომმა დაამტკიცა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა, რომელსაც უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარზებს საქართველოს 61 სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი) ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი. გამოითქვა იმედი, რომ ჩვენი სპორტსმენები წარმატებით იასპარეზებენ მინსკში და ეცდებიან გააუმჯობესონ წინა ევროპული თამაშების შედეგები.
სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს გააცნო სარაევოში გამართული ევროპის ზამთრის ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგები, ქვიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ლომიძემ კი ისაუბრა ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ – შეჯიბრებას 21-27 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს. ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრეს ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა. აღინიშნა, რომ სეოკ-ი ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას და მაღალი შედეგების მოსაპოვებლად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს.
აღმასკომზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და საქართველოს დელეგაციის მეორე ევროპულ თამაშებზე საზეიმო გაცილების თაობაზე. 16 ივნისს, 10:30 საათზე საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიურ პარკში (ახალი თბილისი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აწყობს მასობრივ ოლიმპიურ გარბენს, რომელიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. სხვებთან ერთად, გარბენში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და სხვა ცნობილი სპორტსმენები აიღებენ სტარტს. 12 საათზე ასევე ოლიმპიურ პარკში გაიმართება მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია.
სეოკ-ის წესდების შესაბამისად, აღმასკომის შემადგენლობას შეემატა ორი ახალი წევრი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია და საქართველოს არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ჯამლეტ ხუხაშვილი.
“მინსკში მეორე ევროპულ თამაშებში 61 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, უფრო ნაკრები, ვიდრე ბაქოს თამაშებზე. მაგრამ ამით ჩვენი მიზანი არ შეცვლილა – ჩვენი დევიზი კვლავ წინა შედეგის გაუმჯობესება იქნება.
მადლობა პირველ არხს, რომელიც ჩართულია მინსკის მეორე ევროპული თამაშების გაშუქებაში. ეს მნიშნელოვანია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, რადგან ვიძახით, რომ გვინდა, სპორტში მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული – ეს კი პირველი არხის დახმარებით მოხდება” – ამბობს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.