30 წელი დამოუკიდებლობიდან - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იუბილეს აღნიშნავს
30 წელი დამოუკიდებლობიდან - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს – საზეიმო ღონისძიებები ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში დაიწყო, სადაც ამ თარიღის აღსანიშნავად მემორიალური დაფა გაიხსნა.

მთავარი ღონისძიებები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში გაიმართა – საიუბილეო ღონისძიებებთან ერთად, ენციკლოპედიური გამოცემის, ოლიმპიური ოთხტომეულის პრეზენტაცია შედგა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ)1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში შეიქმნა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე 377 დელეგატი ესწრებოდა. კონფერენციამ ერთხმად მიიღო დადგენილება სეოკ-ის დაფუძნების შესახებ.

პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად — ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად — დავით კინწურაშილი. მათ გარდა სეოკ-ის აღმასკომის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ: ნოდარ გუგუშვილი, ვაჟა კაჭარავა, დავით კუპრეიშვილი, დავით სულაქველიძე, ივანე ყიფიანი, ავთანდილ ციბაძე, ნიკოლოზ ცხაკაია და ზურაბ წერეთელი.

ეს იყო პირველი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლად არსებობა გამოაცხადა და საერთაშორისო ორგანიზაციაში დამოუკიდებლად გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სარისკო იყო, რადგან ინიციატორები მე და პაატა ნაცვლიშვილი ნომენკლატურული გაზეთების რედაქტორები ვიყავით. მაგრამ კარგად გვესმოდა – დამოუკიდებლობას მსხვერპლი სჭირდებოდა და ეს ნაბიჯი აუცილებელი გახლდათ. მიხარია, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ხელი შეუწყო“, – იხსენებს საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების ინიციატორი, ორგანიზაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ გაჩეჩილაძე.

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნება გაბედული ნაბიჯი იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს 1989 წელს ხდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტური ქვეყანა არსებობდა. ამიტომაა დასაფასებელი ამ ხალხის გამბედაობა და გადაწყვეტილება. მიხარია, რომ ერთ-ერთი მეც ვარ, ვინ ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი მოუტანა“.