ოლექსანდრ ზუბკოვი – სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის გათამაშების მეორე მატჩამდე უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ანდრეა მალდერასთან ერთად, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ათენის აეკ-ის შემტევი ნახევარმცველი, ოლექსანდრ ზუბკოვი იმყოფებოდა და შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, სადაც ბევრი ტექნიკური მოთამაშეა. მწვრთნელის ცვლილებამ გუნდზე შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს. ამის შესახებ დღეს წინასამატჩო განხილვისას ვისაუბრებთ.
სამ დღეში ორი თამაშის ჩატარება რთულია, მაგრამ ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.