ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება დაწყებულია მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტზე.

ამჟამად ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები არეულობაში მონაწილე პირების დასადგენად, ასევე მიყენებული ზარალისა და მომხდარი მოვლენების გარემოებების დასადგენად.

21 დეკემბერს სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლთან გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა. აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებდნენ.

ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ საკვამლე ხელყუმბარები გამოიყენეს.