ოკუპირებულ სოხუმში აქციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ
ოკუპირებულ სოხუმში აქციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებულ სოხუმში, ე.წ. მთავრობის სახლთან აქცია გვიან ღამით დაიშალა. ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციამ რეზოლუცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ისინი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. ასევე, ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ ბჟანიას ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების განხორციელების უფლება არ ჰქონდეს. ოპოზიცია ასევე ითხოვს შერეულ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მთავრობის წევრები „პარლამენტმა“ უნდა დაამტკიცოს და მიმდინარე მოწვევის ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ოკუპირებული სოხუმის ცენტრში აქცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა „პარლამენტის“ წინ შეკრებილი მომიტინგე ადგილობრივები საკვამლე ხელყუმბარებით დაშალეს. აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებენ.