ოკუპირებული აფხაზეთის „სამართალდამცავი ორგანო“ ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის მონაწილეებსა და დაკარგულ იარაღს ეძებს
ოკუპირებული აფხაზეთის „სამართალდამცავი ორგანო“ ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის მონაწილეებსა და დაკარგულ იარაღს ეძებს

ოკუპირებული აფხაზეთის „სამართალდამცავი ორგანო“ ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის მონაწილეებსა და დაკარგულ იარაღს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ცდილობენ, დაადგინონ „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ შეჭრის ორგანიზატორების ვინაობა, რომლებმაც „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იარაღი აიღეს.

„აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოს აწარმოებს, რომელიც მასობრივი არეულობის ორგანიზატორების მოძებნას მოიცავს“, – აღნიშნულია ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბამ განაცხადა, რომ დემონსტრანტებმა შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 13 იანვრამდე დაასახელებენ.