ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამეგრელო – ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 23 მათგანი საჩხერის საავადმყოფოში, ხუთი კი რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ საბერიოდან გადმოყვანილია 28 პაციენტი. ე.წ. ენგურჰესის თუ საბერიოს კლასტერი. ხუთი მათგანი მოთავსებულია რუხის საავადმყოფოში, ხოლო 23 გადაყვანილია საჩხერის საავადმყოფოში. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ახალი შემთხვევები არ დაგვმატებია. 28 ინფიცირებულიდან არც ერთს სამეგრელოს რეგიონში კონტაქტი არავისთან ჰქონია“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში 28 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 22 ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ექვსი მათი კონტაქტი.