ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ მეარაყიშვილის ადვოკატმა, ალან ბაზაევმა განაცხადა.
როგორც ბაზაევმა აღნიშნა, ისინი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მედიის ცნობით, მეარაყიშვილი ბრალს უარყოფს და აგრძელებს შიმშილობას, რომელიც გუშინ დაკავების შემდეგ დაიწყო.
ე.წ. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. პროცესზე არ დაუშვეს არც მეარაყიშვილის ოჯახის წევრები.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის ბრალდებით“ დააკავეს.