არსებული ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი დააკავა
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე „ჯაშუშობის ბრალდებით“ დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თამარ მეარაყიშვილი.
„გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა, აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ცნობებით, „სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჯაშუშობის ბრალდება 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
„ეს პირი ამჟამად დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“, – განაცხადეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პროკურატურაში.