ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში სულ 152 „საარჩევნო უბანია“, კიდევ ორი უბანი მოქმედებს რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკესკსში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართა. თავდაპირველად ხმის მიცემის პროცედურა 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ოპოზიციამ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

25 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის სახელმწიფოებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებენ.