ოკუპანტების მიერ დაკავებული კობა ვარდანაშვილის დედა აცხადებს, რომ გატაცებულების ე.წ. სასამართლოს გამართვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ
ოკუპანტების მიერ დაკავებული კობა ვარდანაშვილის დედა აცხადებს, რომ გატაცებულების ე.წ. სასამართლოს გამართვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ერთ-ერთი პირის, კობა ვარდანაშვილის დედა, ელენე ვარდანაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია, როდის გაიმართება ე.წ. სასამართლო პროცესი.

„ჯერ არავინ დაგვკავშირებია და არანაირი სიახლე არ არის. ყველაფერი ისევ ისეა. მე გუშინაც ველოდებოდი, რომ სასამართლო გაიმართებოდა, მაგრამ არ იყო არაფერი.

გუშინ მოვიდნენ პოლიციიდან და გვითხრეს, ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად არის, ჯანმრთელად არიან ბიჭები, გაიმართება სასამართლო და სავარაუდოდ გამოუშვებენო. გუშინ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ელენე ვარდანაშვილმა.

რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.