ოჯახმა წითელი ჯვრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც პირველ არხს მაია ოთინაშვილის მეუღლემ, იგორ მაყიშვილმა განუცხადა, გუშინ გვიან საღამოს მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.
იგორ მაყიშვილის თქმით, მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს და როგორც ისინი აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.