ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ წერს.

გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, რომ ცონტე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილური და იმედისმომცემია.

„მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, რამდენადაც ცნობილია თურქი ექიმებისაგან, ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია და იმედისმომცემი. აქვე, მინდა გაგაცნოთ ჩემი პატარა განცხადება, რომელსაც ვტვირთავ ფაილის სახით“, – წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“.

ამასთან, მისი ძმა კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქში“ წერს, რომ გიორგი გამსახურდია ვარშავაში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფება, საიდანაც ავრცელებს აღნიშნულ განცხადებას.

​„ჩემი ძმა, ცოტნე გამსახურდია თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობარია).

რაც შეეხება იმ რამდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს“, – აღნიშნულია გიორგი გამსახურდიას წერილში.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი