იაპონურმა სუმოს ასოციაციამ გუშინ ახალი რეიტინგი, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა.
განახლებულ სიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ოძეკის (ჩემპიონის) ტიტული აღარ აქვს ქართველ ლევან გორგაძეს, იმავე ტოჩინოშინს. განვლილ ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობის და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემდეგ, ქართველი სეკიტორი სეკივაკედ ჩამოაქვეითეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ლევანი მომავალ ნაცუ ბაშოზე (ზაფხულის სუპერტურნირი) მინიმუმ 10 ბრძოლას მოიგებს, მას ოძეკის რანგს აღუდგენენ.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგი რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში ასპარეზობს და წინა ბაშოზე მინიმალური კაჩი-კოში (8:7) დააფიქსირა. შედეგად, გაგამარუ მხოლოდ ერთი საფეხურით დაწინაურდა და აღმოსავლეთის მე-7 ნომრის სტატუსი მიენიჭა.