ოფიციალურად - მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის შონ ო'მალის დაუპირისპირდება #1TVSPORT
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში თავის პირველ საჩემპიონო ბრძოლას 14 სექტემბერს ჩაატარებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა.
უაითის თქმით, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, შონ ო’მალის ლას ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე შეხვდება.
33 წლის დვალიშვილს UFC-ში 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ბოლო სამ ბრძოლაში მან ორგანიზაციის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
რაც შეეხება ო’მალის, 29 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2023 წლის 19 აგვისტოს, ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში ის მარლონ ვერასთან დაიცვა.
შედეგად, მერაბ დვალიშვილს აქვს შანსი, გახდეს მეორე ქართველი მებრძოლი, რომელიც MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.