ობიექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მითითებით დღეს დაიხურა, არსებული ინფორმაციით, სამორინეების პროვაიდერი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგია“
ობიექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მითითებით დღეს დაიხურა, არსებული ინფორმაციით, სამორინეების პროვაიდერი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგია“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მითითებით თბილისში დღეს დაიხურა ობიექტი, სადაც 600-მდე თანამშრომელი მუშაობდა, მათგან რამდენიმეს კი მაღალი ტემპერატურაც აღენიშნებოდა. ამის თაობაზე განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, ეკუთვნის თუ არა აღნიშნული ობიექტი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგს“, საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის გავრცელებამდე, საქართველოს პირველი არხი მსოფლიოს მასშტაბით სამორინეების პროვაიდერი აიტი კომპანიის, „ევოლუშენ გეიმინგის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მთავრობის მითითებებიდან გამომდინარე, მათ საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

„მთავრობის მითითებებიდან გამომდინარე, დროებით ვწყვეტთ მუშაობას, თუმცა როდემდე გაგრძელდება ასე, ვერ გეტყვით“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს აიტი კომპანიაში.

საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, სამორინეების პროვაიდერი კომპანია, მაინც აგრძელებდა ოპერირებას. კომპანიაში ასობით ადამიანია დასაქმებული.