საგამოძიებო სამსახურის მითითებით დაიხურა ობიექტი, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი მთავრობის შეზღუდვების დარღვევით მუშაობდა, რამდენიმეს მაღალი ტემპერატურაც აღენიშნებოდა
საგამოძიებო სამსახურის მითითებით დაიხურა ობიექტი, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი მთავრობის შეზღუდვების დარღვევით მუშაობდა, რამდენიმეს მაღალი ტემპერატურაც აღენიშნებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელშიც დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას, – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

„შესაბამისი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.