ნურსულთან ნაზარბაევის შვილი დარიგა ნაზარბაევა პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი გახდა
ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი შვილი დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის სპიკერი გახდა. მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე ყოფილმა სპიკერმა და ამაჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა წარადგინა. ამგვარად დარიგა ნაზარაბაევა ქვეყანაში მეორე პოლიტიკურ ფიგურა გახდა.
მანამდე 55 წლის დარიგა ნაზარბაევა სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ასევე მუშაობდა ვიცე-პრემიერად.
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ნაზარბაევამ მეუღლესთან, რახათ ალიევთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პოლიტიკა დატოვა. ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს რამდენიმე დანაშაულში ბრალი წაუყენეს, მათ შორის ადამიანების გატაცებაში, და მკვლელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
ალიევი 2015 წელს ავსტრიის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, მან თავი მოიკლა.
დარიგა ალიევა პოლიტიკაში 2012 წელს დაბრუნდა. ის პარლამენტის ქვედა პალატაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა და სოციალურ-კულტურული განვითარების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში.
დარიგა ნაზარბაევას სახელი ფიგურირებდა ე.წ. პანამურ დოკუმენტებში, რომლებიც მაღალჩინოსნებისა და ცნობილი ადამინების ოფშორულ ანგარიშებსა და კომპანიებს ეხებოდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. პრეზიდენტის მოვალეობებს 2020 წლის აპრილამდე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს.