ნუკრი ქანთარია - საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს 
ნუკრი ქანთარია - საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს 

პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ავტორმა დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვონ და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალოს.

ქანთარია დეპუტატებისგან ამ ეტაპზე მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდება, რადგან მისი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღონ, რადგან პროცესი მიმდინარეობს და მთავარი მოვლენები მაშინ იქნება, როდესაც კრიტერიუმები დაზუსტდება, კანონი მიიღება და პარლამენტში მოსამართლეთა სია შემოვა. მე პირადად, ამ დეპუტატებს ვთხოვდი და ვურჩევდი, ამისთვის შეენახათ მთელი ენერგია და დროზე ადრე არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონსტიტუციურ უმრავლესობას, თუ არ იქნება, მგონი, ეს აღარ წარმოადგენს დიდ საფრთხეს ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ქანთარიამ.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივას, დეპუტატი ვარაუდობს, რომ ცვლილებებს თავადაც მხარს დაუჭერს და გუნდის მხარდაჭერაც ექნება, რადგან უმრავლესობის შეხვედრაზე ამ თემას მკვეთრი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

„ვფიქრობ, ინიციატივას მხარს დავუჭერ. უფრო ზუსტად მინდა გავერკვიო, მაგრამ ვითარება ისე მიდის, დავუჭერ მხარს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, უჭერდა თუ არა ცვლილებების ინიციატივას მხარს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქანთარიას თქმით, პარტიის ლიდერს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია. „ასევე ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა საწინააღმდეგო პოზიცია“, – განუცხადა დეპუტატმა, ჟურნალისტებს.

საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს.

პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა. მას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

დატოვე კომენტარი