ნუკრი ქანთარია - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შანსი იზრდება
ნუკრი ქანთარია - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შანსი იზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შანსი იზრდება.

ამ თემაზე დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენი მხარდაჭერის გარეშე მეეჭვება, რომ ვინმეს ჰქონდეს დიდი შანსი, თუმცა მას აქვს თავისი გარკვეული ხიბლი, რომლითაც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა სხვა კანდიდატებს“, – განაცხადა ქანთარიამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საინტერესო პრეზიდენტი იქნება და ნებისმიერი დონის პოლიტიკოსთან შეხვედრაზე ღირსეულად წარადგენს ქვეყანას.

„ქალბატონ სალომეს აქვს ძალიან შთამბეჭდავი თავგადასავალი. პიროვნულად ძალიან წონიანია, დაჯდება ნებისმიერი ქვეყნის ლიდერთან, ტერეზა მეი იქნება, მერკელი, ხორვატიის პრეზიდენტი, მაკრონი თუ სხვა, რადგან ის გარემო, რომელშიც ისინი არიან, საკმაოდ ცნობილია სალომესთვის“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში გუნდი ერთსულოვანი იყო.

ქანთარია განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებები მხოლოდ საწყის ეტაპზე არსებობდა იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰყოლოდა თუ არა მმართველ გუნდს საკუთარი, პარტიული კანდიდატი.

თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე უარი თქვა, ქანთარიას განცხადებით, ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე აზრთა სხვადასხვაობა აღარ ყოფილა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.