ნუგზარ წიკლაური - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა როგორც ეთიკური, ისე მორალური სახე
ნუგზარ წიკლაური - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა როგორც ეთიკური, ისე მორალური სახე

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ამტკიცებს ერთადერთ რამეს, რომ ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა როგორც ეთიკური, ისე მორალური სახე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

წიკლაურის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები, რომელზეც, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი, არის დამონტაჟებული და უსვამს ხაზს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა თავიდან ბოლომდე მიმდინარეობს ყველა პროცედურის დაცვით.

„ეს რაღაც დამონტაჟებული მასალის გამოქვეყნება, სადაც აღბეჭდილი არის სამედიცინო პროცედურები ექიმების თანდასწრებით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რაც ილაპარაკა სახალხო დამცველმა, რომ ეს შიმშილობა თავიდან ბოლომდე მიმდინარეობს ყველა პროცედურის და ყველა განაწესის დაცვით.

როგორი მცდელობებიც არ უნდა იყოს, ახლა სამედიცინო პროცედურები წარმოაჩინონ შიმშილობის დარღვევად, ანდა კვების დაწყებად, ვერავითარ შემთხვევაში, ვერავითარ შედეგს ვერც მიაღწევს“, – განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, არის თუ არა კადრებში ნაჩვენები საკვები ფაფა, წიკლაურმა აღნიშნა, რომ „არ იცის, რა არის“.

მისივე თქმით, მისთვის დამაჯერებელია სახალხო დამცველის განცხადება, რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი, რომ შიმშილობის ყველა განაწესი არის დაცული.

„მე არ ვიცი, რა არის. მე ვხედავ დამონტაჟებულ მასალას სხვადასხვა დროს, არ ვიცი, ერთი და იგივე დღეა, თუ სხვადასხვა დღეა. ესეც არავინ არ იცის და ვხედავთ იმას, რომ აქ არიან ექიმები. ის არ არის საკანში და მიმდინარეობს სამედიცინო პროცედურები. რა პროცედურებია ეს, ეს არავინ არ იცის და ერთადერთი დამაჯერებელი, რაც არის ჩემთვის, არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი, რომ შიმშილობის ყველა განაწესი არის დაცული“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.