ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნორი დაამარცხა და უიმბლდონის ფინალში კირიოსს შეხვდება #1TVSPORT
დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ღია პირველობის ფინალშია, სადაც ავსტრალიელ ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება. ნოვაკს უიმბლდონი 6-ჯერ უკვე აქვს მოგებული და კირიოსის დამარცხების შემთხვევაში, დიდი სლემის რიგით მესამე ტურნირზე ჯამში მეშვიდედ და ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვებს.
ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში ბრიტანელი კემერონ ნორი ოთხ სეტში დაამარცხა. სერბმა პირველი სეტი ყველასთვის მოულოდნელად 2:6 დათმო, მაგრამ იგი მეორე სეტიდან ათამაშდა და მეტოქე უშანსოდ დატოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია – 2:6, 6:3, 6:2, 6:4. ფინალური მატჩი კირიოსსა და ჯოკოვიჩს შორის, კვირას თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ნოვაკისთვის ეს კარიერაში დიდი სლემის ტურნირის 32-ე ფინალი იქნება, რაც ამ მაჩვენებელში რეკორდია.
აღსანიშნავია,რომ ჯოკოვიჩს კირიოსი არასდროს დაუმარცხებია. ისინი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ავსტრალიელმა მოიგო.