ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოში ქულები უნდა მოვიპოვოთ #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოში ქულები უნდა მოვიპოვოთ #1TVSPORT

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთთან წაგების (0:3) შემდეგ მარბელაში გუნდი მსუბუქად დატვირთა, ვარჯიშის დაწყებამდე კი ჟურნალისტებს შეხვდა და საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ თამაშზე განაცხადა, რომ ახლა ბათუმში ქულების მოპოვებაზე ფიქრობს.

„არდანიშნულ პენალტზე მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ის მომენტი უკვე ჩავლილია, თუმცა მსაჯზე ბევრი სალაპარაკოა. მატჩის შემდეგ, ღამით ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე და დავრწმუნდი, რომ პენალტი დასანიშნი იყო. ბურთს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით.

მთელი კვირა ამისთვის ვემზადებოდით, ესპანეთს სერიოზული გამოცდა მოვუწყვეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. ჩვენ კვლავ ზეწოლის ქვეშ ვართ, ამიტომ საქართველოში ქულები უნდა მოვიპოვოთ, მინიმუმ, ცუდი სტარტი რომ არ გამოგვივიდეს. სასურველი ვარიანტი იქნება, საქართველოსთან და შოტლანდიასთან ქულები დავაგროვოთ, ხოლო კვიპროსი ორჯერ დავამარცხოთ.

რაც შეეხება მოთამაშეთა მდგომარეობას, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ზოგს მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ დანებებას არავინ აპირებს. ვფიქრობ, რომ სამშაბათამდე ყველა ფეხბურთელი მომჯობინდება და სათამაშოდ მზად იქნება“, – განაცხადა ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

დაბოლოს: ნორვეგიული გამოცემა Hamar Arbeiderblad-ის ცნობით, სტალე სოლბაკენის გუნდს ბათუმში გამგზავრებამდე დაუგეგმავი პრობლემები შეექმნა და ჩარტერული ავიარეისი რამდენიმე საათით გადაიდო, მაგრამ, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ნორვეგიელების დელეგაცია უკვე ბათუმშია.