ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - ჭადრაკის სასახლემ „ნონას თასს“ უმასპინძლა #1TVSPORT
თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი სწრაფ ჭადრაკში – „ნონას თასი 2024“, რომელიც ჭადრაკის ლეგენდის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ერთდროული თამაშის სეანსი 15 ადამიანთან ჩაატარა. მოთამაშეები კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს. თამაშის მსურველებს საჩუქრად ნონა გაფრინდაშვილის ღია ბარათები გადაეცათ, ბავშვებმა ლეგენდარულ მოჭადრაკეს დაბადების დღე მიულოცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
ნონა გაფრინდაშვილი საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის (1977) და პირველია, ვისაც ეს წოდება ვაჟთა შორისაც (1978) მიენიჭა. არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული (1969, 1972), ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982).
ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალად (ოქროს პრიზი) აღიარეს. ფიდე-ს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997), დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას.
ნონა გაფრინდაშვილი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989–1996), ხოლო 1996 წლიდან – საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000–2002), ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980–1986).
ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის ნონა გაფრინდაშვილს 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. 2001 წელს მისი სახელი თბილისის ჭადრაკის სასახლეს მიენიჭა.