ნოდარ ჭიჭინაძე - ძველი, ამორტიზებული მანქანების შენახვა მაუწყებელს კატასტროფულად ძვირი უჯდებოდა 
ნოდარ ჭიჭინაძე - ძველი, ამორტიზებული მანქანების შენახვა მაუწყებელს კატასტროფულად ძვირი უჯდებოდა 

პირველი არხის მიერ შეძენილი ახალი ავტომობილები სრულად დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც თანამედროვე ტელევიზიებს სჭირდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავტომობილების შემოყვანით მოძველებული ავტოპარკი შეიცვალა და უახლოეს მომავალში ავტოპარკის სრულად განახლება იგეგმება.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მოემსახურება ძალიან კომფორტული ავტოპარკი და ეს გაკეთდა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. ახალი ავტომობილების ჩანაცვლება გადაწყდა, რადგან ძველი მანქანები უკვე ამორტიზებული იყო და შენახვა კატასტროფულად ძვირი ჯდებოდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ფუჭდებოდა მივლინებების დროს და ა. შ. ეს ახალი ავტომობილები სრულად დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც თანამედროვე ტელევიზიებს სჭირდებათ“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, თითო მანქანის ღირებულება 36 441.6 ათასი ლარია. ჯამში ტელევიზიას ავტოპარკის განახლება 728 832 ლარი დაუჯდა.

პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.