ნიუ იორკის სასამართლოში დონალდ ტრამპის მიმართ გაუპატიურების ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
ნიუ იორკის სასამართლოში დონალდ ტრამპის მიმართ გაუპატიურების ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

ნიუ იორკის სასამართლოში დონალდ ტრამპის მიმართ გაუპატიურების ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. „ბიბისის“ ცნობით, მხარეები დასკვნითი სიტყვით გამოდიან.

ყოფილ პრეზიდენტs, დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში მწერალი, ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, ელიზაბეთ ჯინ კეროლი ადანაშაულებს. კეროლის თქმით, ტრამპმა მასზე 1996 წელს, მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ხვალ არის მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპმა სასამართლოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, ამის ნაცვლად სხდომაზე მისი ჩვენებების ვიდეოჩანაწერი წარადგინეს, რომელშიც ის ბრალს უარყოფს.

„ის მადანაშაულებს გაუპატიურებაში. ქალი, რომლის ვინაობის შესახებ წარმოდგენაც არ მაქვს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დონალდ ტრამპის დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე მოწმეები არ დაუბარებია. როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ განაცხადა, მათ არ ჰყავთ მოწმეები, რომელთა დაბარებასაც შეძლებდნენ, რადგან ეს ისტორია გამოგონილია.

ამასთან, ტაკოპინას განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ვერ გაიხსენა ძალადობის ზუსტი თარიღი, წაართვა ტრამპს შესაძლებლობა, დაემტკიცებინა თავისი ალიბი.

კეროლი დონალდ ტრამპისგან ზიანის ანაზღაურებას და ასევე, მის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას ითხოვს.

დასკვნით სიტყვაში მოსარჩელის ადვოკატმა, რობერტა კეპლენმა ერთ-ერთ არგუმენტად 2016 წლის არჩევნების წინ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი მოიყვანა, რომელშიც დონალდ ტრამპი უხამსი ლექსიკით საუბრობს ქალების შესახებ. ვიდეო 2005 წელს არის ჩაწერილი და მასში ტრამპი ამბობს, რომ ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ, ქალებს გაუკეთონ, რაც მოესურვებათ.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი ჟურნალ ELLE-ში მიმომხილველად 1993-2019 წლებში მუშაობდა. მან დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება პირველად 2019 წელს გაასაჯაროა.