ურსულა ფონ დერ ლაიენი – ყველაზე მეტად მშვიდობა უკრაინის მოსახლეობას სურს, უკრაინა ახლა ბრძოლას თუ შეწყვეტს, ის მსოფლიოს რუკიდან გაქრება, თუ რუსეთი შეწყვეტს ახლა ბრძოლას, ომი დასრულდება

00:03, 11.11.2026

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარნაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი ფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, საბოლოოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის ახერხებენ საერთო გადაწყვეტილების მიღებას.

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი ის არის, რომ ყველას მშვიდობა გვსურს. ყველაზე მეტად კი მშვიდობა უკრაინის მოსახლეობას სურს. სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს ახლა მუშაობა, მათ შორის, მაგალითად, აბუ დაბიშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, რადგან უკრაინა სტაბილურობის ფაქტორია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. თუ უკრაინა ახლა ბრძოლას შეწყვეტს, ის მსოფლიოს რუკიდან გაქრება. თუ რუსეთი ახლა შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს ყველა სამშვიდობო მცდელობასა და მოლაპარაკებას. ამასთან, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან შეინარჩუნოს სტაბილურობა და გაუძლოს იმ აგრესიას, რომლის წინაშეც დგას. ყველა დეტალს განვიხილავთ. თითოეულ საკითხზე დისკუსია ყოველთვის ინტენსიურია, რადგან ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს განსხვავებული პოზიციები აქვს, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის კარგ შეთანხმებამდე მივდივართ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთი სხვა ქვეყნებს კიევისთვის დახმარების გაწევაში ხელს არ უშლის, თუმცა თავად ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანა კვლავ უწევს მხარდაჭერას ბულგარეთის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.

„ბულგარეთი ათასობით უკრაინულ ოჯახს კვლავ სრულიად უსასყიდლოდ უწევს დახმარებას და ეს ჩვენი მხრიდან უმნიშვნელო წვლილი არ არის“, – განაცხადა რადევმა.

ცნობისთვის, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბულგარეთს მშვიდობა სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი კი „ომის ელჩად“ იქცა.

მსგავსი