ემანუელ მაკრონი – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ქალაქ შელში მერის მოადგილეს, რომელსაც ბენზინი შეასხეს, ეს არის სისასტიკისა და დაშინების აქტები, რომლებიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შელის ერთ-ერთი საშუალო სკოლის შენობის წინ, შელის მერის მოადგილეზე, ანჟელა ავონზე თავდასხმას გამოეხმაურა. მაკრონმა ავონს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ძალადობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ანჟელა ავონს, რომელსაც შელის ერთ-ერთი საშუალო სკოლის შენობის წინ ბენზინი შეასხეს, ასევე განათლების სამინისტროს ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით კი სკოლის ხელმძღვანელებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. რესპუბლიკის არჩეულ წარმომადგენელზე ან იმ ადამიანებზე, რომლებიც სახელმწიფოს ემსახურებიან, ამგვარი ფორმით თავდასხმა ყოვლად მიუღებელია. ძალადობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. ამგვარ ქმედებებს მოთხოვნების გამოხატვასთან საერთო არაფერი აქვს – ეს არის სისასტიკისა და დაშინების აქტები, რომლებიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ შელში ადგილობრივ არჩეულ პირზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თავდასხმა საშუალო სკოლის წინ მოხდა. ბენზინით სავსე ბოთლი მერის მოადგილესა და რეგიონული საბჭოს წევრს მოხვდა. პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულია ამავე სკოლის 15-დან 17 წლამდე ასაკის სამი მოსწავლე. თავდასხმის უშუალო შემსრულებელი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
Tout mon soutien à Angela Avond, aspergée d’essence devant un lycée à Chelles, ainsi qu’à l’ensemble des personnels de l’Éducation nationale, en particulier les directions, qui font l’objet de violences.
S’en prendre ainsi à une élue de la République ou à ceux qui sont à son service est inacceptable.
La violence n’a pas sa place en démocratie. Ces faits n’ont rien à voir avec l’expression de revendications : ils relèvent de la brutalité et de l’intimidation et doivent être punis avec la plus grande fermeté.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) November 10, 2026