ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბარია ფორმატზე „1 000-1 000-ზე“ ან, შესაძლოა, „1 500-1 500-ზე“.
ზელენსკის განცხადებით, ტყვეების გაცვლის საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და ამ საკითხზე სასაუბროდ აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან.
„ხვალ მოლაპარაკებების გუნდს მთავარი დღე ექნება. დღეს ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა განვიხილეთ. საუბარია ფორმატზე 1 000-1 000-ზე, შესაძლოა, 1 500- 1 500-ზე. ამ საკითხის დღის წესრიგით ამერიკელები რუსეთში გაემგზავრებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ტერიტორიების საკითხიც დააყენა, თუმცა ეს საკითხი, მისი თქმით, ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს.
„მეორე საკითხი ტერიტორიებს ეხებოდა, რომელიც რუსულმა მხარემ წამოაყენა. ეს ლიდერების დონეზე გადასაწყვეტი საკითხია – ჩვენს მომლაპარაკებლებს ამის მანდატი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ევროპის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკებების ფარგლებში დეესკალაციის ზომებზე, ენერგეტიკაზე, შავ ზღვასა და ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.