ნიუ იორკის პროკურორმა „შაშხანის ეროვნული ასოციაციის“ დაშლის მოთხოვნით სარჩელი წარადგინა
ნიუ იორკის პროკურორმა „შაშხანის ეროვნული ასოციაციის“ დაშლის მოთხოვნით სარჩელი წარადგინა

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა გავლენიანი „შაშხანის ეროვნული ასოციაციის“ დაშლის მოთხოვნით სარჩელი წარადგინა.

აშშ-ის პროკურატურა ასოციაციას ფინანსების არასწორად მართვას ედავება. აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, „შაშხანის ეროვნულმა ასოციაციამ“ ასოციაციის ლიდერების, მათ შორის ხელმძღვანელის, უეინ ლაპიერის პირადი საჭიროებებისთვის მილიონობით დოლარი დახარჯა. ლეტიცია ჯეიმსის თქმით, კორუფცია იმდენად მასშტაბურია, რომ საჭიროა ასოციაციის დაშლა.

„სიენენის“ ინფორმაციით, სარჩელში აღნიშნულია, რომ უეინ ლაპიერი რვაჯერ ეწვია ბაჰამის კუნძულებს კერძო თვითმფრინავით, ასოციაციისთვის განკუთვნილი სახსრების გამოყენებით, რაც საერთო ჯამში 500,000 აშშ დოლარია.

დემოკრატი პროკურორის გადაწყვეტილებას „შაშხანის ეროვნულმა ასოციაციამ“ „უსაფუძვლო და წინასწარ განზრახული შეტევა“ უწოდა.

შაშხანიდან სროლის წახალისების მიზნით, აშშ-ის „შაშხანის ეროვნული ასოციაცია“ 1871 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა. ასოციაცია იარაღის კონტროლის ყველა ფორმის წინააღმდეგ სერიოზულად ლობირებს და ამტკიცებს, რომ მეტი იარაღი ქვეყანას უფრო უსაფრთხო გახდის. 2016 წლის არჩევნებში ასოციაცია დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს.