„ნიუ-იორკ თაიმსი“ - ჯამალ ხაშოგის მკვლელები ადამიანებს 2017 წლიდან იტაცებდნენ და აწამებდნენ
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელები 2017 წლიდან იტაცებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. როგორც გამოცემა ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის თანხმობით, ხაშოგის მკვლელობამდე, ერთი წლით ადრე შეიქმნა საიდუმლო ქვედანაყოფი, რომლის წევრებიც ოპოზიციონერებს და დისიდენტებს უთვალთვალებდნენ, იტაცებდნენ და კლავდნენ კიდეც.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, სწორედ ამ ჯგუფის წევრები იყვნენ პირები, რომლებმაც ჯამალ ხაშოგი სტამბოლის საკონსულოში მოკლეს.
ანონიმური წყარო ამერიკულ გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ საიდუმლო ქვედანაყოფი 2017 წლიდან 10 ოპერაციაში მონაწილეობდა. ამ ჯგუფის წევრები სხვა არაბულ ქვეყნებში მყოფ ოპოზიციონერ ბლოგერებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირებს იტაცებდნენ. ისინი გადაჰყავდათ სამეფო ოჯახის კუთვნილ შენობაში, სადაც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აწამებდნენ.
ჯამალ ხაშოგი შარშან სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ერ რიადმა ფაქტი აღიარა, რადგან თურქეთი შესაბამის მტკიცებულებებს ფლობდა. თუმცა, საუდის არაბეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის მკვლელები საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ და ხაშოგის მკვლელობის ბრძანება პრინც მოჰამედ ბინ სალმანს არ გაუცია. ამჟამად საუდის არაბეთში ჟურნალისტის მკვლელობისთვის 11 პირს ასამართლებენ. მათ ექსტრადირებას თურქეთი ითხოვს.