„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი - რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა სჭირდება
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი - რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა სჭირდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის ადგილიდან კლინიკაში ოთხი პირია მიყვანილი. ექიმის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„აქციის ადგილიდან ოთხი პირია მოყვანილი, ამათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და კლინიკიდან უკვე წასულია.

ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტია ჯერჯერობით კვლევის სტადიაში.

ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ერთი ადამიანი იმყოფება საოპერაციოში ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო უტარდება ოპერაცია“,- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. აქციაზე დაზიანებები მიიღეს სხვა მედიის წარმომადგენლებმაც. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან მოთავსებულები.

ამ წუთებში კლინიკაში იმყოფებიან საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე.