ნიტრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს [ვიდეო] 

ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ნიტრაში სლოვაკეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.

#ფეხბურთი სლოვაკეთი – საქართველო #EURO2021 U21 #LIVE

მატჩი მეტისმეტად ემოციური გამოდგა – განსაკუთრებით ბოლო წუთები და ლამის ყველაფერი გუნდური ჩხუბით დასრულდა. 90+2-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:2 იყო, აუტის მოწოდებისას გიორგი კუციას სლოვაკებმა ხელი კრეს და წააქციეს. ამან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი ადრიან გულია გია ცეცაძისკენ გაიწია, საბოლოოდ კი, მთავარმა არბიტრმა ჩვენი მთავარი მწვრთნელი მოედნიდან გააძევა.

მომხდარის შესახებ სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე განმარტება გაკეთდა.

„როდესაც ანგარიში 3:2 იყო, გიორგი კუცია აუტს აწოდებდა, მაგრამ ის მცველმა შეაჩერა. ამის შემდეგ სლოვაკეთის მწვრთნელის ასისტენტმა შეცვლა გადაწყვიტა. უსიამოვნება ამ დროს მოხდა და ქართველი მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო“, – წერია სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.