ნინო წილოსანი – გაერო-ში საქართველოს სახელი არასწორი ფორმით იყო ნახსენები, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ
მსოფლიოში არსებობს უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები, რეგიონში მიმდინარეობს ომი, ამ დროს კი გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა მოიცალა, რომ საქართველოზე ტყუილები ილაპარაკოს და ადამიანის უფლებებზე ცრუ განგაში ატეხოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანმა კომენტარი გააკეთა გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.
წილოსანის თქმით, საქართველოში პატიმრობაში მყოფი ადამიანები კანონის შესაბამისად არიან დაკავებული.
„ყველასთვის ნათელია, რომ ჟურნალისტი იყო თუ აქციის მონაწილე, კანონის შესაბამისად იყო დაკავებული, მაგრამ ამის მიუხედავად, გაერო-ში საქართველოს სახელი ხმამაღლა იყო ნახსენები და თან, არასწორი ფორმით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის დასუსტების პროცესს თავადვე ქმნიან და ხელს უწყობენ, საქართველოზე ეს შეტევები გაუმართლებელი და ირაციონალურია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.