ნინო შარაშენიძე - ყველა წამალი, რომელიც ენიშნებოდა სააკაშვილს, შეთანხმებული იყო მის მკურნალ ექიმთან, ნიკოლოზ ყიფშიძესთან, რომელიც გამოყენებაზე თანხმობას დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებდა
ნინო შარაშენიძე - ყველა წამალი, რომელიც ენიშნებოდა სააკაშვილს, შეთანხმებული იყო მის მკურნალ ექიმთან, ნიკოლოზ ყიფშიძესთან, რომელიც გამოყენებაზე თანხმობას დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებდა

ყოფილი პრეზიდენტის გასინჯვის ყველა ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა ნიკოლოზ ყიფშიძე. არანაირი განსაკუთრებული მედიკამენტოზური ჩარევა იქ არ განხორციელებულა. იყო მედიკამენტები, რომლებსაც თავად პაციენტი იღებდა მრავალი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ექიმმა, ჰემატოლოგმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნინო შარაშენიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა წამალი, რომელიც ენიშნებოდა მიხეილ სააკაშვილს, ერთმნიშვნელოვნად შეთანხმებული იყო მის მკურნალ ექიმთან, ნიკოლოზ ყიფშიძესთან, რასაც ის ხელის მოწერით ადასტურებდა.

აღნიშნულით ნინო შარაშენიძემ შეაფასა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადება, სადაც ამბობს, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია, ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი კონსილიუმის ჩართულობა ამ საკითხში იყო პირველივე კვირიდან. პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის გასინჯვის ყველა ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძე. არანაირი განსაკუთრებული მედიკამენტოზური ჩარევა იქ არ განხორციელებულა. იყო მედიკამენტები, რომლებსაც თავად პაციენტი იღებდა მრავალი თვის განმავლობაში. როგორც მან თავად აღნიშნა, ეს იყო პოსტკოვიდური მდგომარეობის სამართავად, როდესაც იყო ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ერთვის კოვიდს. მისი ჰოლანდიელი ექიმისგან შერჩეული იყო მედიკამენტი და იღებდა უკვე მიზერული დოზით. განაცხადა, რომ ამ მედიკამენტის მოხსნა მისთვის იქნებოდა პრობლემა და ნამდვილად ასეა, რადგან ერთბაშად მისი მოხსნა არ შეიძლება, თან უქმნიდა კომფორტს. ამასთან, არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ჩვენ მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან, ამიტომ ეს მედიკამენტი ჩვენ არ მოგვიხსნია.

ყველა წამალი, რომელიც ენიშნებოდა მიხეილ სააკაშვილს, ერთმნიშვნელოვნად შეთანხმებული იყო მის მკურნალ ექიმთან, ბატონ ნიკოლოზთან, რომელიც ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა და აკონტროლებდა დასანიშნი თუ დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალს, დოზირებას. ამ მედიკამენტების გამოყენებაზე თანხმობას ბატონი ნიკოლოზი სათანადო დოკუმენტაციაზე ხელის მოწერით ადასტურებდა. ეს დანიშნულება მრავალჯერადად იქნა შემოწმებული ასევე პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრის მიერ. შემდგომში, როცა ის გადაიყვანეს საჯარო დაწესებულებაში, იქაც მრავალი ექიმის ჩართულობაა. ეს დანიშნულება გამოითხოვა მარიამ ჯიშკარიანმა და როდესაც სამინისტროში შევხვდი მას, ერთი სიტყვა არ უთქვამს ამ მედიკამენტების ჩამონათვალის ან დოზირების შესახებ. ამის პარალელურად, შესული იყო ნინო ლომჯარიას მიერ შედგენილი არაჩვეულებრივი ექიმების ჯგუფი, რომელთაც თუ რაიმე მედიკამენტი მოეჩვენებოდათ, რომ იყო ზედმეტი, ისინი ამას არაფრით დამალავდნენ.

არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია, თავად ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ არაერთგზის ხელმოწერილი და მარიამ ჯიშკარიანის მიერ გამოთხოვილი, შესწავლილი, ასე რომ, არა მგონია ეს სადავო იყოს. მგონია, გაუგებრობას აქვს ადგილი და კომუნიკაციის პრობლემაა, თორემ ამდენი ხნის შემდეგ რაღაც გარკვეულ მედიკამენტზე რომ ვინმეს პრეტენზია ჰქონოდა, არ მგონია, ეს ამბავი აქამდე არ გაჟღერებულიყო. ჩანაწერის ოქმში, რომელიც ჯერ კიდევ პენიტენციურ სამსახურში შემოსვლის მომენტში არსებობდა, დეტალურად იყო აღწერილი, რომ ის იღებდა ამ მედიკამენტებს და თავად სააკაშვილის მიერ იყო მითითებული, რომ ამას ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა.

რამდენიმე თვით ადრე იყო დანიშნული, თუმცა დროს ზუსტად ვერ გეტყვით, კოვიდი რომ გადაიტანა, მას შემდეგ დაენიშნა მისი ექიმის მხრიდან. ეს არ შედის ფსიქოტროპულ მედიკამენტში, ეს არის გარკვეულწილად ანტიდეპრესანტი. ეს არის სამკურნალო საშუალება, რომელიც იწვევს შფოთვითი მდგომარეობის დალაგებას. ჩემს კოლეგებს ბრალს ვერ წავუყენებ და ვერ დავადანაშაულებ მიზანმიმართულობაში. ამიტომ ვუშვებ, რომ ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. ქალბატონი მარიამი ჩვენთან აუცილებლად მოვა. ალბათ კიდევ გაეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას, თუმცა თავად მისგან ვიცი, რომ მან გაითხოვა ეს ისტორია და დაუყოვნებლივ გადასცეს კონსილიუმის ოქმები, ისტორიაში არსებული ჩანაწერები. ასევე არსებობს გორის ჰოსპიტალში წარმოებული უზარმაზარი ისტორია, რომელშიც დეტალურად არის ყველა სამკურნალო მედიკამენტის რაოდენობა. თუ რომელიმე ეს მედიკამენტი საფრთხეს უქმნის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.