ნინო ლომჯარიას პარლამენტში მოსმენა დღეს იგეგმება
ნინო ლომჯარიას პარლამენტში მოსმენა დღეს იგეგმება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას საპარლამენტო მოსმენა დღეს იგეგმება. ლომჯარიას მოსმენა გუშინდელ სესიაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ვერ მოესწრო.

დღეს სახალხო დამცველის მოსმენა მას შემდეგ არის დაგეგმილი, რაც სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კორექტირებული კანონპროექტის განხილვა დასრულდება.

ნინო ლომჯარია კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას შეაფასებს და დეპუტატებს საკუთარ შენიშვნებს გააცნობს.

ლომჯარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლა, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო, თავად მოითხოვა. ის მიესალმება მმართველი გუნდის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტისა და საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას, თუმცა აპირებს, ტრიბუნიდან განსაკუთრებული აქცენტი გაამახვილოს კიდევ ერთ რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ღია მეთოდით უნდა ჩატარდეს.

„როგორც სახალხო დამცველი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა და პარლამენტარებს კიდევ ერთხელ, გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე შევახსენო ის საერთაშორისო სტანდარტები, რაც არსებობს. საკვალიფიკაციო გამოცდები და ინტერესთა კონფლიქტი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მივესალმები, როგორც ვხედავ, ორივე საკითხი იქნება გათვალისწინებული და ეს ნამდვილად სწორია, თუმცა რჩება მესამე, ძალიან პრინციპული საკითხი. ეს ეხება კანდიდატების შერჩევის პროცესს და იმას, რომ შერჩევა უნდა იყოს დასაბუთებული დამოუკიდებელი საბჭოების მიერ. ამაზე საუბრობს ვენეციის კომისია და ამბობს, რომ ფარული კენჭისყრით არ უნდა ხდებოდეს კანდიდატების ნომინირება, არამედ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით საბჭომ უნდა წარმოადგინოს თავისი დასაბუთება, რატომ შეარჩია კონკრეტული კანდიდატები. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განსაკუთრებით გავამახვილებ აქცენტს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ სესიაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა გაიმართება.