ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყალბი ამბების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს, თუმცა აქცენტი კონკრეტულ მედიასაშუალებებზე არ უნდა გაკეთდეს
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყალბი ამბების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს, თუმცა აქცენტი კონკრეტულ მედიასაშუალებებზე არ უნდა გაკეთდეს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.

მისივე თქმით, სახალხო დამცველიც აკეთებს ხოლმე განცხადებას, როცა სახალხო დამცველის საქმიანობის თაობაზე დეზინფორმაცია და ყალბი ნიუსი ვრცელდება.

თუმცა, ლომჯარიამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერიის ახალ პროექტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ბანერიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რეალურად მიზანია, კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მერის მიერ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა.

კერძოდ, ბანერზე ნაჩვენებია სამი ტელევიზია – „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“.

ლომჯარიას შეფასებით, აქცენტი კონკრეტულ მედიასაშუალებაზე არ უნდა გაკეთდეს.

„არ ვიცი, მერი რა განცხადების გაკეთებას აპირებს, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა, რომელიც გვხვდება ძალიან ბევრ მედიასაშუალებაში, რომელზეც ის ალბათ აქცენტს არ გააკეთებს, მათ შორის ონლაინ მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში.

სამწუხაროდ, არაერთი მედიასაშუალება დღეს ძალიან ბევრ მედიათეკის სტანდარტს არღვევს. ამიტომ კონკრეტულ მედიასაშუალებებზე აქცენტების გაკეთება იმის შთაბეჭდილებას მიჩენს, რომ მისი მიზანი კონკრეტული ტელევიზიების დისკრედიტირება, თუ მათ მიმართ გარკვეული უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და არა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს და პირველი ვიდეოჩართვა მერმა დღეს, 22:00 საათისთვის დააანონსა.

კალაძის თქმით, საზოგადოებას მიაწვდიან „სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად მისი მისამართით ისმის“.