ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს შეხვდა
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს შეხვდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესი კითხვის ნიშნებს აჩენს და ეს არის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლა.

სახალხო დამცველი მზად არის, პროცესში შუამავლის როლი იკისროს და მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს.

„მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იბერიას“, ჟურნალისტებს და ვთქვა, რომ სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსის თუ მანდატის ფარგლებში, რათა დავიცვათ ნებისმიერი ჟურნალისტის საქმიანობის დამოუკიდებლობა. ძალიან მნიშნელოვანია ნებისმიერი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს რომელიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის შეზღუდვა, მით უმეტეს, როდესაც გარკვეულ შეკითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება.

ჩვენ უკვე დავიწყეთ საქმის გარემოებების შესწავლა, იგივე ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, „ომეგა ჯგუფს“ აქვს გარკვეული პრეტენზიები. ოფიციალურად უკვე მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს და ჩვენს პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად გვეცოდინება პასუხები ჩვენს კითხვებზე. საჭიროა დროული და პირდაპირი კონუნიკაცია. როგორც სახალხო დამცველი, მზად ვარ, ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო დიალოგს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, სახალხო დამცველი მათ დახმარებას დაჰპირდა. მათივე თქმით, ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.