ნინო ლომჯარია - თამთა თოდაძის თხრობა დამაჯერებელია, სულ მცირე, იმისთვის, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შევიტანოთ
ნინო ლომჯარია - თამთა თოდაძის თხრობა დამაჯერებელია, სულ მცირე, იმისთვის, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შევიტანოთ

თამთა თოდაძის თხრობა დამაჯერებელია, სულ მცირე, იმისთვის, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შევიტანოთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქმეში გვაქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ფიზიკური დაზიანება და სხვადასხვა მტკიცებულება, რასაც დაზარალებული ძალიან დაწვრილებით ყვება. ყოველ შემთხვევაში, თხრობა დამაჯერებელია, სულ მცირე, იმისთვის, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შევიტანოთ. მნიშვნელოვანია, დროზე ჩატარებულიყო და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, მისთვის ერთ-ერთი ნიშანდობლივი და საყურადღებოა ის საკითხი, რომ თამთა თოდაძისა და მისი დედის ჩვენების მიხედვით, დაუყოვნებლივ არ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

„ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია; მივმართეთ პროკურატურას და შსს-ს, როდის რა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. დაზუსტებით, ეს ინფორმაცია მე ჯერ არ მაქვს, რადგან მიღებული არ გვაქვს, თუმცა, რაც ვიცით, ყოველ შემთხვევაში, გოგონას ჩვენებიდან, მისი საჯარო განცხადებიდან, იქ დათვალიერება საკმაოდ დაგვიანებით ჩატარდა და ეს ჩემთვის ძალიან საყურადღებოა, თუ არა საგანგაშო სიგნალი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც წესი, როცა საქმე ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ დანაშაულს ეხება, იქნება ეს სექსუალური ძალადობა, თუ სხვა, შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტთან სახალხო დამცველის აპარატს ყოველთვის ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდა, მასალებზე წვდომასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

„როგორც კი შეტყობინება მივიღეთ, როცა ამ ქალბატონმა, გოგონას მშობელმა იმავე დღეს დარეკა, ჩვენ მეორე დღესვე გამოვითხოვეთ ინფორმაცია. ამწუთას, ინფორმაცია მიღებული არ გვაქვს, თუმცა, ალბათ, უახლოეს დღეებში მივიღებთ. ჯერჯერობით ვადები დარღვეული არ არის, მაგრამ მთავარია, რას მივიღებთ. ეს არ უნდა იყოს ბლანკეტური, შაბლონური პასუხი, უნდა იყოს ისეთივე თანამშრომლობა, როგორიც სხვა საქმეებთან მიმართებით გვაქვს. იმედს ვიტოვებ, ამ საქმეში ასევე მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, როდესაც ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ არის, პროცესში პოლიტიკური აქტორებიც ერთვებიან და სავარაუდო მსხვერპლის მიმართ არაეთიკური განცხადებები პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდანაც მოდის.

„რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებთ სოციალურ ქსელში როგორი მაკომპრომეტირებელი კამპანია დაიწყო გოგონას წინააღმდეგ და სამწუხაროდ, საქართველოსთვის, თუ ბევრი სხვა ქვეყნისთვის ესეც ძალიან დამახასიათებელია, როდესაც სავარაუდო მსხვერპლის წარმოჩენა ისე ხდება, თითქოს, ის მანიპულატორია, თაღლითი და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ისმის ხოლმე, არის – რა ეცვა მსხვერპლს და როგორ გამოიყურებოდა. ამით თითქოს, სურთ, ყურადღება იმაზე გაამახვილონ, მსხვერპლი გამომწვევად ხომ არ იქცეოდა. ესეც ძალიან სტერეოტიპული და არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

დატოვე კომენტარი