ნინო ლომჯარია - სახელმწიფოს მოუწევს, ძალიან საფუძვლიანად გამოიძიოს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხი და მყარი არგუმენტები დადოს
ნინო ლომჯარია - სახელმწიფოს მოუწევს, ძალიან საფუძვლიანად გამოიძიოს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხი და მყარი არგუმენტები დადოს

სახალხო დამცველი წლებია, რეკომენდაციას გასცემს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბაშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მოუწევს, საფუძვლიანად გამოიძიოს ყველაფერი.

„ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. სახელმწიფოს მოუწევს აუცილებლად, ძალიან საფუძვლიანად თავიდან გამოიძიოს და მოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები და ძალიან მყარი არგუმენტები დადოს, რა მოხდა რეალურად, რადგან პირველი ე.წ. მოკვლევა, რაც განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია და სახელმწიფოს ამ საკითხის გამოკვლევა თავიდან დაავალა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ამის შეუსრულებლობა პრობლემა იქნება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს ანგარიშში ვსაუბრობდით, რადგან მე-18 მუხლის დარღვევასთან გვაქვს საქმე. უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილება აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამაზე გაცემულ რეკომენდაციებს, მის აღსრულებას განსაკუთრებული ინტერესითა და ყურადღებით დააკვირდება სტრასბურგი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს, დადოს ძალიან მყარე არგუმენტები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ.