ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხავენ
ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხავენ

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ.

ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, გამოძიებამ ამ საქმეზე არაფერი გააკეთა, საქმე შეწყვიტა და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა.

„როგორც ცნობილია, მინისტრთა კომიტეტმა გასცა სავალდებულო ტიპის რეკომენდაციები, სადაც ის მიუთითებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეიდენტიფიცირებინა ის პირები, რომლებმაც მოახდინეს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და შემდგომ მისგან ინფორმაციის გამოძალვის მცდელობა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო სამჯერ და შეწყდა. შემდგომ ისევ მოუწიათ ამ საქმის განახლება. მოხდება მერაბიშვილის მოწმის სახით გამოკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთხელ უკვე დაკითხულია მოწმის სახით და ყველა ინფორმაცია მიცემული გვაქვს ბრალდებისთვის, დღემდე არ არსებობს ამ საქმეში ბრალდებული. არც ახლა გვაქვს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოსაჩვენებლად მოხდეს მისი გამოკითხვა, ვინაიდან ივნისის პირველ რიცხვებში ჩანიშნულია მინისტრთა კომიტეტის შემდგომი სხდომა, სადაც, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს, წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელშიც თითქოსდა რაღაცას აკეთებს და შეასრულა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება განახლდა და  საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.

ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა #9 დაწესებულებაში 13:00 საათზეა დაგეგმილი.