ნინო ლომჯარია - 8 აგვისტო მოდის და რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ, ქსენოფობია მიუღებელია, თუ დავინახეთ, ასეთი პრობლემა არსებობს, დავგმობთ
ნინო ლომჯარია - 8 აგვისტო მოდის და რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ, ქსენოფობია მიუღებელია, თუ დავინახეთ, ასეთი პრობლემა არსებობს, დავგმობთ

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს, თითოეულ შემთხვევას გამოეხმაურებიან და დაგმობენ.

ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს: „დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი როცა ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს სახალხო დამცველი. ჯერჯერობით, მისგან არავითარი განცხადება არ გვესმის“.

ლომჯარიას განცხადებით, ქსენოფობიასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ აქვს.

ამასთან, როგორც ლომჯარია ამბობს, გასაკვირი არაა, რომ 8 აგვისტოს წინ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ, სიყვარული არ გამოხატონ, თუმცა ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს.

„რა თქმა უნდა, ქსენოფობია აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. თუკი დავინახავთ, რომ  ასეთი პრობლემა არსებობს, სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა თითოეულ ასეთ შემთხვევას და გამოეხმაურება, დაგმობს. კობახიძეს კონკრეტული ფაქტები თუ აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მომართოს სახალხო დამცველს და შეგვიძლია, შევისწავლოთ ეს საქმე. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი  მტკიცებულებები და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასოდეს არ მოგვრიდებია არც ერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება.

ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის, თუმცა 8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილი არის და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში, ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს. ასეთი საშიშროება თუ დავინახეთ, რეაგირება გვექნება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.