ირაკლი კობახიძე - როცა ეთნიკური შუღლი ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს სახალხო დამცველი, თანამდებობაზე მის ყოფნას ვადა დეკემბერში ეწურება და საბოლოოდ შეიძენს სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს
ირაკლი კობახიძე - როცა ეთნიკური შუღლი ღვივდება, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს სახალხო დამცველი, თანამდებობაზე მის ყოფნას ვადა დეკემბერში ეწურება და საბოლოოდ შეიძენს სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს

როდესაც დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი ღვივდება, პირველივე დღეს და პირველსავე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

„როცა წინა ქსენოფობიური კამპანია აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, მაშინ 10 დღე დასჭირდა სახალხო დამცველს, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი, პირველივე დღეს და პირველსავე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. 10 დღე დასჭირდა მაშინ, მარტში, ვიდრე გამოეხმაურებოდა ამ განცხადებას და ახლა არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის.

ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც – როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა. ის ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. საბოლოო ჯამში, თუ არ ვცდები, 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს – ცდილობს, იყოს პოლიტიკოსი. საბოლოოდ, დეკემბერში გახდება ალბათ პოლიტიკოსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კომენტარი გააკეთა მომავალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზეც და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არჩევა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით, რასაც ფართო კონსულტაციები სჭირდება.

მისივე განცხადებით, კანდიდატურაზე ერთობლივად უნდა ჩამოყალიბდნენ და შემდეგ პარლამენტში კენჭი უყარონ.

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახალხო დამცველის არჩევა უნდა ხდებოდეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით, ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბრიდან. მანამდე ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას. ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის კენჭს“, – აღნიშნა კობახიძემ.