ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში შეხვდება
ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში შეხვდება

სააქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაინტერესდება სააკაშვილის, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით.

„მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით დავინტერესდები. ალბათ თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა, ბევრი კითხვა გაქვთ. მე ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია, ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ამ ინფორმაციას. როგორც წესი, დაკავებულები თავად საუბრობენ ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება, მათ შორის პირველადი, მათ შორის სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავ. შსს-თან მქონდა კომუნიკაცია და მათ დამიდასტურეს, რომ იმყოფება ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „შეგიძლიათ, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხოთ, „ქართული ოცნება“ სთავაზობდა მას, რომ უკრაინაში დააბრუნებდნენ და არ გაახმაურებდნენ მისი ჩამოსვლის ამბავს?“, – ლომჯარიამ უპასუხა, რომ სააკაშვილთან პოლიტიკური შეკითხვები არ ექნება.

„მე არ მექნება მასთან პოლიტიკიური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, რა თქმა უნდა მოვუსმენ, მე მაინტერესებს უფლებრივი პერსპექტივიდან მისი მდგომარეობა. ადვოკატებთან არ მქონია კომუნიკაცია. ზოგადად, შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვოკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, მოხდება გამონაკლისი საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ცოტა ხნის წინ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.