ნინო ლომჯარია - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთ-ერთ დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება
ნინო ლომჯარია - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთ-ერთ დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება

ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, განსაკუთრებით დაკავების დროს პოლიციის მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების პრობლემატურობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც ორი პირი დააკავეს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წვრილმანი ხულიგნობის, ან პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.

„ორივე დაკავებული ჩვენმა წარმომადგენელმა უკვე მოინახულა წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ამ ეტაპისთვის, როგორც ჩვენი წარმომადგენელი აღნიშნავს, ერთ-ერთს ზედაპირულად აღენიშნება დაზიანებები, რაც მისი განცხადებით, დაკავების დროს მიაყენეს. დაკავება მოხდა ორი მუხლის საფუძველზე. კერძოდ, მათ წარდგენილი აქვთ ბრალი როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო. თუმცა ჩვენთვის, ორივე მუხლი როგორც წესი ხშირად ხდება ხოლმე პრობლემატური, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვებს, რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად წვრილმანი ხულიგნობა ან პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც ჩვენ შევისწავლით და ესეთი ტიპის საკითხებს ჩვენ განვხილავთ არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ განვიხილავთ სისტემურად, რადგან როგორც აღვნიშნე, დაკავების დროს ამ ტიპის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და ჩვენ გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ორი პირი დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, მეტროპოლიტენში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა) საპატრულო პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.