ნინო ლომჯარია ჯერ ვერ აკონკრეტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე რამდენ კანდიდატს წარადგენს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჯერ ვერ აკონკრეტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე კვოტით რამდენ კანდიდატს წარადგენს.
ნინო ლომჯარიამ პირველ არხთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომისიის მიერ შერჩეული შემადგენლობიდან წევრობის კანდიდატად მხოლოდ ერთი პირი დაასახელა.
„კონსულტაცია გავიარე არაერთ იურისტთან, მედიაექსპერტებთან და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კანონი არ მაძლევდა რამდენიმე კანდიდატის დასახელების შესაძლებლობას. მქონდა სხვა მოტივაციაც. ჩავთვალე, რომ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე, როგორც სახალხო დამცველს, საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, იმ კრიტერიუმებით შემერჩია კანდიდატი, რომლითაც ვთვლიდი საჭიროდ და არ ყოფილიყო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სივრცე. შესაბამისად, ეს იყო ერთი კანდიდატის დასახელების მოტივაცია”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, კრიტერიუმები – გამოცდილება, პრინციპულობა და კომპეტენცია, რითაც მან ზვიად დევდარიანის კანდიდატურა შეარჩია, ეჭვქვეშ არ დამდგარა, თუმცა თავი იჩინა სხვა პრობლემებმა.
„კრიტერიუმები, რაც დავასახელე კანდიდატის შესარჩევად, არც ერთი მხარის მიერ ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. აქ უკვე თავი იჩინა სხვა პრობლემებმა, რომლებიც უკვე განსჯის საგანია. ამ ეტაპზე რთულია, ვივარაუდოთ შემდგომში რამდენი კანდიდატი მეყოლება. შერჩევის კრიტერიუმები დარჩება იგივე, რაც დავასახელე. ამ ეტაპზე ნომერ პირველი გამოწვევა რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდშია, ეს არის კანდიდატის დამოუკიდებლობა, უნარი, რომ შეაფასოს მენეჯმენტში არსებული პრობლემები, ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა, აუდიტის სამსახურის მეირ გამოვლენილი პრობლემები. ჩემი კრიტერიუმი იქნება, რომ იყოს ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ხარვეზების გამოვლენას და ამაზე საჯაროდ, არგუმენტირებულად საუბარს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.